ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით FIRST Global-ის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური ჩატარდა
.webp)
FIRST Global მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საინჟინრო შეჯიბრებაა, სადაც ყოველწლიურად 190+ ქვეყანა იღებს მონაწილეობას. კონკურსი ამ ქვეყნების მომავალ ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, საინჟინრო ცოდნასა და თანამშრომლობის უნარებს გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.
ამ კონკურსის ეროვნული ნაკრების შესარჩევი 2 ივნისს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ინოვაციების ასოციაციის თანაორგანიზებითა და პარტნიორობით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 30-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. ისინი შემთხვევითობის პრინციპით წყვილებად გადანაწილდნენ და მიიღეს წინასწარ უცნობი დავალება, რომელზეც 4 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე წევრები ამ დროის განმავლობაში ხელს უწყობდნენ პროცესის ორგანიზებულად და სამართლიანად წარმართვას. “AI ია”-ს რობოტიკის სპეციალისტები მთელი კონკურსის განმავლობაში ეხმარებოდნენ გუნდებს გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში.
კონკურსის შედეგად დღის ბოლოს გამოვლინდა ორი გამარჯვებული წყვილი, რომელთაც ყველაზე ეფექტური რობოტი ჰქონდათ. ხუთი მოსწავლე ორ მენტორთან ერთად სექტემბერში ათენში (საბერძნეთი) გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკოლოზ ლობჟანიძეა. ის ზაფხულის განმავლობაში ნაკრების წევრებს კონკურსისთვის საჭირო საინჟინრო და პროგრამირების უნარებს შეასწავლის.
ინოვაციების ასოციაცია წარმატებებს უსურვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რობოტიკაში!

.webp)
